შსს-მ 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი., პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ქ. და ფ.ი. თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. ფ.ი. აღნიშნული დაწესებულების მფლობელი იყო, ხოლო ი.ქ. ადმინისტრატორად და ბარმენად მუშაობდა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით 6 პირი გამოკითხეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.