ხელისუფლება “ქართული მარშის” წინააღმდეგ რევანშს ახორციელებს, – ასე შეაფასა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება “მეტრონომთან” საუბრისას.
“ჩვენ ავაზაკების სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სასამართლო სისტემაში მუსაობენ ავაზაკები და სამართალდამცავი ორგანოებიც არიან ჩვეულებრივი ავაზაკები. ჩვენ სააკაშვილის შემდეგ წინ არ წავსულვართ. იგივე მოსამართლეები და პროკურორები არიან. ეტყობა სააკაშვილის რეჟიმს ტყუილად ვებრძოდი, რადგან მივიღეთ იმ რეჟიმის გაგრძელება. მოსამართლე არის პროკურატურის ნოტარიუსი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად ვერ გეტყვით. დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ. ხელისუფლება “ქართული მარშის” წინააღმდეგ რევანშს ახორციელებს”, – აცხადებს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ ექვსივე წევრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა.
მოსამართლემ დაკავებულების: გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვალა.
“ქართული მარშის” წევრებს თავდებში დეპუტატები დაუდგნენ, მათ შორის დავით ჭიჭინაზე, თამაზ მეჭიაური, გია ჟორჟოლიანი, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.