“მე მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, უფრო მეტი ანალიზით, კონცენტირებული”- ასე შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდეტნს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც ჩვენს ქვეყანაშია.
“მქონდა მოლოდინი, რომ მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემის და გზებზე იქნებოდა საუბარი. მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ ვუარყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა წინ წავიდეს. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობაზე და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვისნიშნის ქვეშ, მათ შორის, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები.
მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც ჩვენს ქვეყანაშია და უფრო მეტი უნდა ესაუბრა, მათ შორის უფრო მეტი გამაერთიანებელის ფუნქცია უნდა გამოეჩინა პრეზიდენტის ინსტიტუტის. მე მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი გამოსვლისგან”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.
პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში 3-ის ნახევარზე განახლდება.