პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, წყნეთი-ბეთანიის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერების შემდეგ განუცხადა, რომ სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. პრემიერის თქმით, დღეს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები იქნება განხილული. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პარტიისთვის ძალიან კარგია, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხდება.
„პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები. ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ვერ მოემზადა და ძალიან კარგია რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში, იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად.
ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. იქნება სამომავლო პერსპექტივები, იქნება პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.