ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინაშვილი: “ივანიშვილის მოსვლით ყველას ეცოდინება თავისი ადგილი”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და გაანაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ივანიშვილის დაბრუნება კარგია.

„ბიძინა ივანიშვილი როდესაც მიდიოდა პოლიტიკიდან, განაცხადა, დიდი უბედურება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ დავბრუნდეო და ეს დაემსგავსება მეორედ მოსვლასო. ეტყობა, ეს დიდი უბედურება ხდება უკვე.

ორი წლის განმავლობაში ხშირად მოვუწოდებდი დაბრუნებულიყო და პოლიტიკურ პროცესებზე აეღო პასუხისმგებლობა. რატომ არის ეს კარგი? პირველ რიგში, დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან გვაზიანებდა დასავლეთის თვალში, მეორე – ყველას ეცოდინება თავისი ადგილი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთან“ მიკერებულ-პორტირებულებს, რომლებიც სარგებლობდნენ ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის სახელით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

იტვირთბა....