თბილისში, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელებისა და საპარლამენტო სპიკერატის შეხვედრა მიმდინარეობს. ოფისში მივიდნენ ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. შეხვედრას არ ესწრებიან ის დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თანაგუნდელების კრიტიკით გამოირჩეოდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელებენ პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებსა და სამომავლო ყრილობაზე. დეპუტატების ნაწილი უკმაყოფილოა, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში სხდომას არ დაესწრებიან. შეხვედრაზე იქნება პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია დავა შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემაზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და უმრავლესობის დატოვებითაც დაიმუქრა. რამდენიმეკვირიანი კამათის შემდეგ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას არ დატოვებს, მანამდე მან უმრავლესობის სხდომაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასწრებაც ისურვა.
19 აპრილს უმრავლესობის შეხვედრა, ოფიციალური ინფორმაციით, საორგანიზაციო და ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.