ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი ლომიძე: “როგორც კი რელიგიური გრძნობების შესახებ კანონს მივიღებთ, სისულელეში აღმოვჩნდებით”

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე “რელიგიური გრძნობების შელახვის შეურაცხყოფის” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აცხადებს, რომ დაუშვებელია ასეთი კანონის მიღება.

“რელიგიურ საკითხებზე შეურაცხყოფა, დაცინვა და ამგვარები, ჩემთვისაც, როგორც სასულიერო პირისთვის, სრულიად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ცივილიზირებული და კულტურული ხალხი შეურაცხყოფის გარეშე უნდა ახერხებდეს ერთმანეთში კამათს და თუნდაც კრიტიკას. ამის უუნარობა ოპონენტის გაუნათლებლობაზე და სისუსტეზე, ხოლო საზოგადოების განვითარების ჩამორჩენილობაზე მიუთითებს.
მიუხედავად ამისა, მაინც დაუშვებლად მიმაჩნია სახელმწიფოს მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელის დაწესება და აი, რატომ?

როგორც კი (თუ) მივიღებთ ამ კანონს, იმავე დღიდან აღმოვჩნდებით სრულ აბსურდში და სისულელეში. ბევრი რელიგიური ორგანზაცია დააყენებს საჩივარს (მისი აზრით) მისი რელიგიის შეურაცხყოფისთვის, ამას არ ექნება დასასრული, ამას ვერ გაარჩევს ვერცერთი მოსამართლე, რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწევთ მომჩივნად და მოსარჩელედ სირბილი სასამართლოებში, ადვოკატების დაქირავება, კვლავ გასაჩივრება, იქნება სრულიად სასაცილო და აბსურდული შემთხვევები, იქნება დამარცხებულების შურისძიება მომავალ საქმეებში და ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება აღიარებით, რომ აბსურდში გავეხვიეთ და სასაცილო გახდა ეს ყველაფერი.

ნამდვილი რწმენისთვის, მორწმუნეებისთვის და მთლიანად რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტისთვის კი ამას ექნება წარმოუდგენლად მძიმე შედეგები. მაშინ გახდება რელიგია მართლაც შეურაცხყოფილი. საბოლოოდ დავბრუნდებით ისევ აქ, სადაც ახლა ვართ და ვიტყვით, რომ შევცდით, რომ მხოლოდ კარგი განათლებით, სწორი აღზრდით, ერთმანეთის პატივისცემით და ცივილიზირებული სამყაროს გამოცდილების გათვალისწინებითაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში მართლაც შემორჩენილია სასჯელის მუხლები მკრეხელობისთვის, თუმცა ამას დღეს თითქმის აღარავინ იყენებს, რადგან ევროპელი მოქალაქეების ცნობიერებაში კულტურამ და თავისუფლებამ დიდი ხანია უპირობოდ გაიმარჯვა მონობასა და უკულტურობაზე.
ესაა ჩვენი ერთადერთი გზაც.

დეკანოზი თამაზ ლომიძე”, – წერს ლომიძე.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს. კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ.

საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ ემზარ კვიციანს ეკუთვნის. დოკუმენტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მსჯელობენ. პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კითხვები აქვთ. მათი თქმით, ბევრი დეტალი ბუნდოვანია. კომიტეტის სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან. მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვა საჭირო არ არის

 

იტვირთბა....