„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, რუსეთს დონბასში არსებული სიტუაციის გამო ახალი სანქციები დაუწესონ.
„ჩვენ მზად ვართ დამატებითი შემზღუდავი ზომები მივიღოთ თუ ამის აუცილებლობას რუსეთის ქმედებები გამოიწვევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე დაგმეს ადამიანის უფლებების კუთხით ყირიმში არსებული სიტუაცია.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მსოფლიოში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისტემას, რომელიც წესებს ეფუძნება. ეს სისტემა ეწინააღმდეგება რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს, მათ შორის სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში ჩარევას. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან თანამშრომლობას რეგიონალური და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნულია განცხადებაში.