ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის პროცესი განახლდა

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის  პროცესი განახლდა. სასამართლოზე ერთ-ერთი მოწმე თამარ გოცირიძე იკითხება.

“როცა ხმაური შემომესმა, გავედი აივანზე. ჩემი აივანი მეხუთე სართულზეა, დავინახე რომ ბავშვები უკვე “არკიდან” გადიოდნენ. მეგონა რომ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. თუმცა, ორ მოზარდს შორის მოხდა ჩხუბი, თითქოს, ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ. მაინტერესებდა კიდევ თუ რამე ხდებოდა, უკვე დავიყვირე, ტელეფონი ავიღე რომ სადღაც დამერეკა, რა დროსაც დავინახე, რომ ერთი მოზარდი იდგა და ჩაიკეცა. ეს იყო დავით სარალიძე. მას ვისთან ჰქონდა კონფლიქტი ვერ დავინახე, მე დავინახე, რომ იდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაშინ ჩაიკეცა. მაშინ მივხვდი რომ რთულად იყო საქმე. მე ვუყურებდი უფრო სხვა ჩხუბს, ეს იყო ორი მოზარდის ჩხუბი, რომელიც არ ჰგავდა,რომ მაინც და მაინც ცივი იარაღი უნდა ყოფილიყო”,-განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე დაინახა თუ არა, დანა ვის ჰქონდა, ამბობს, რომ მეხუთე სართულიდან მხოლოდ სილუეტებს ხედავდა.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....