საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტში ამ წუთებში სიტყვით გამოდის. გომელაურმა ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფამ და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითმა ტყვეობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში.
გომელაური ამბობს, რომ წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს.
სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულის ნათელი მაგალითებია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა. ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა. მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 100-ზე მეტი უკანონო სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.
“ოკუპირებულ რეგიონში არსებული სიტუაცია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები. იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებისა და ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების მონიტორინგს, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან”, – განაცხადა გომელაურმა.