საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრა უდო-ს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?!
„25 წლის გოგო საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა. შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი ესაა შეუწყნარებელი. კაცი სასჯელს იხდიდა “ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის”. თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა უდოს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?! თან არაერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ – ექვსჯერ. “ცანცარა” მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა“, – წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს.