„ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ქართული იდენტობის კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონიძიებაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა ენამ რეგიონში ქვეყნის გადარჩენისა და იდენტობის შენარჩუნების პროცესში „მართლაც უნიკალური“ როლი შეასრულა.
„მიხარია, რომ დღეს, სწორედ აქ, თბილისის სახლმეწიფო უნივერსიტეტში ჩვენ ასე მნიშვნელოვნად აღვნიშნავთ იმ თარიღს, რომელიც სულ 40 წლის წინ იწყებოდა. ორგანიზატორებსაც ალბათ, ბოლომდე არ ჰქონდათ იმედი როგორ გაგრძელდებოდა მათი დღე და მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს, გადადგეს და დაიცვეს ჩვენი მშობლიური ენა და ამასთან ერთად სტიმული მისცეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას. ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ქართული იდენტობის კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია.
საქართველოს შემთხვევაში ენამ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ამ ურთულეს რეგიონში ასეთი მცირერიცხოვანი ეთნოსის და სახელმწიფოს ათასწლეულების განმავლობაში გადარჩენასა და თავისთავის შენარჩუნების პროცესში. გავიხსენოთ პირველი ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ფარნავაზის დროს. ამ პერიოდში, ამ მომენტში, მესამე საუკუნეში იქმნება ქართული დამწერლობა და ანბანი, რომელიც ალბათ მანამდეც რაღაც ფორმით არსებობდა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციას სწორედ იმ მომენტში უკავშირდება.
გავიხსენოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ერის ჩამოყალიბებაში და საკუთარი იდენტობის განსაზღვრაში. მეოთხე საუკუნე, როდესაც ჩვენ ქრისტიანობას ვიღებთ და ამ მომენტშიც, სწორედ ქრისტიანობის მიღება იყო, გარდა სულიერი არჩევანისა, შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოყოფის, იდენტიფიკაციის, საკუთარი ენდემურობის და განსაკუთრებულობის გამორჩევის და ამ მომენტშივე სწორედ ახალ ძალას იძენს ქართული დამწერლობა და ქართული ენა. მანამდე როგორც ვხედავთ თუნდაც ადმინისტრაციულ დოკუმენტაციაში, ან სხვა შემორჩენილ წყაროებში, ასე აქტიური არ არის, მაგრამ როგორც კი ერს და სახლემწიფოს უჩნდება მოტივაცია შექმნას ახალი ძლიერი ტალღა, ხელახლა დაადგინოს და განსაზღვროს თავის თავი, აი ამ მომენტში ჩვენი წინაპრები სწორედ ჩვენს დამწერლობას და ჩვენს ენას იყენებენ მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, გარკვეულ დვრიტად, რომელიც უნარს აძლევს პოლიტიკოსებს, ერს, საზოგადოებას იმისთვის, რომ შექმნას და დაამკვიდროს ძლიერად თავის იდენტობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
ღონისძიებაზე პრეზიდენტმა გაწეული წვლილისთვის ღვაწლმოსილი ფილოლოგები და პროფესორები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.