ეუთოში აშშ-ს მისიის წარმოამდგენელმა განაცხადა, რომ ისინი ყველა საშუალებას იყენებენ, რათა რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხი აგოს.
„აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აღნიშნული ზომები უზრუნველყოფენ მზარდ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, მობილურობისთვის და განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი დაგმო. აშშ-ს დელეგაციამ აღნიშნული ფაქტის სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ში აშშ-ს მისიის განცხადებით, თითქმის ათი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას.
აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გუშინ გაიმართა.