პოლიციამ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი უკვე გამოკითხა. ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მასთან პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლის კითხვებს ამომწურავად უპასუხა. მისი თქმით, გამოძიების კითხვები იმ ინციდენტს შეეხებოდა, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„თავდაპირველად დამიბარეს ვაკის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა, შეუძლოდ ვიყავი და ამიტომ მოვიდნენ ჩემთან სახლში. მივეცი ჩვენება. ძირითადად ვისაუბრეთ იმ ინციდენტზე, რომლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალური ქსელით. ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა ყველაფერმა და რაც კითხვები ჰქონდათ, გავეცი პასუხი.
მეც ასევე დავუსვი ერთი კითხვა, რაზეც გამომძიებლებს გაეცინათ კიდეც – ყაჩაღობის ფაქტზე გამოძახებაზე მთვრალი და იარაღის გარეშე რომ მიბრძანდეთ მეთქი, ეს საქციელი საზოგადოებას ან თქვენს უფროსს მოეწონება?! სწორედ ასეთი შემთხვევა მქონდა მე. ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც შემემთხვა ინციდენტი. არაერთხელ ვცადე მემკურნალა მისთვის, ვინაიდან მიდრეკილება აქვს ალკოჰოლისკენ. მოვიდა იმ დღესაც მთვრალი და მისი ფუნქციების შესრულებაც კი მე მომიწია. საბოლოოდ წყობიდან კი იმან გამომიყვანა, როდესაც ჩემს კითხვაზე, თუ რატომ დალია იმ დროს, როდესაც მას უნდა ემუშავა, მიპასუხა, როცა მინდა მაშინ დავლევო. ამის შემდეგ ავდექი და წავუთაქე თავში. რა ვიცი, ხან რომელ პარლამენტარს უთაქებენ თავში, ხან ნიკა მელია ჰყავს გაგდებული ბორჯომის გამგებელს, თუმცა, საზოგადოებამ მხოლოდ მე გადამიარა“, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”