წუხელ კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კალაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 54 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს.
“მეტრონომთან” სოფლის რწმუნებული ალეკო პაპოშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილს ბლაგვი საგნით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს სავარუდოდ, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ. ქევხიშვილი მოხუც დედასთან ერთად სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც გამგებელი ამბობს, მოხუცი საწოლს არის მიჯაჭვული.
მან მეორე ოთახში, სადაც მის შვილს ეძინა ხმაური გაიგონა, ეგონა, რომ ის გაიტაცეს და დახმარებისთვის მეზობლებს ეძახდა. თუმცა სახლში შესულმა ყაჩაღებმა ის მარანში ჩაკეტეს, ხოლო მის შვილს ფულის გამოძალვის მიზნით სცემდნენ. მოხუცის ხმა ადგილობრივებმა გვიან გაიგეს და სახლში შესულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ თავდამსხმელებმა სავარაუდოდ, 20 ათასამდე ლარი წაიღეს, რომელიც მის შვილს ტრაქტორის საყიდლად ჰქონდა მოგროვილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები.