ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: „ოცნებაში“ დაპირისპირება ისე ვითარდება, რომ ივანიშვილი გამოჩნდება

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ „ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ცხადია რომ პარტიაში ორი ჯგუფია და განსაკუთრებული უპირატესობით ახალგაზრდა ფრთა სარგებლობს. მისი თქმით, ეს არის გადამწიფებული თინეიჯერების ჯგუფი, რომლებსაც გადამეტებული ამბიცია აქვთ, რომ პარლამენტი და პარტია ერთპიროვნულად მართონ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბოლო დროს, მათ ქვეყნის მართვაზეც კი პრეტენზიები გაუჩნდათ. ხოლო რაც შეეხება „ოცნების“ ძველ თაობას, მათ ამ თინეიჯერების თავგასული ქმედება უკვე ყელში ამოუვიდათ. უმრავლესობის დეპუტატების უმეტესობას, მათი თავგასულობა უკვე აღიზიანებთ და არც თუ უსაფუძვლოდ, რადგანაც ხუხაშვილი თვლის, რომ პარტიაში ახლად მოსულმა სახეებმა ყველაფერი უშრომელად მიიღეს და ბოლოს უფროსობა დაიწყეს.
„ეს დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა. გედევან ფოფხაძის განცხადება სწორედ, რომ ბოლო წერტილი იყო, რამაც ეს შიდა კინკლაობა უფრო გაარღმავა და გარეთ გამოიტანა. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაირკვას ეს ახალგაზრდა კომკავშირელები ვინ არიან და რა ამბიციები აქვთ. დაუმსახურებლად რატომ იღებენ თავის თავზე ამდენს. სწორედ ეს დაპირისპირება მიდის.

არ მგონია, რომ ამას დრამატული განვითარება ჰქონდეს. ორივე მხრიდან რიტორიკა მხოლოდ ერთი ადამიანის მისამართით არის. ისინი არც ხალხს და არც ერთმანეთს არ მიმართავენ. მხოლოდ ერთ კაცს, რომლისგანაც საბოლოო პასუხის მოლოდინში არიან. ეს ადამიანი კი ჯერჯერობით პროცეს შორიდან უყურებს. თუმცა ვითარება ისეთია, რომ ადრე თუ გვიან სიტუაციაში ჩარევა მოუწევს. ეს არის პროცესის ანატომია. არ მგონია, რომ რომელიმე ჯგუფს იმის პოლიტიკური რესურსი ჰქონდეს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყონ. არც პარტიის დაშლას არ ველი, მაგრამ მდგომარეობა იქამდე მიდის, რომ არბიტრი თავის სიტყვას იტყვის.

რაც შეეხება პრემიერის პოზიციას, არ მგონია, რომ მას ვინმე რამედ აგდებდეს. სულაც არ ადარდებს პარტიაში რა ხდება. მხოლოდ საკუთარი კაბინეტის შენარჩუნება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, მაინც იმ ერთ კაცს დაელოდებიან“,-აცხადებს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

იტვირთბა....