ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს და მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. ქანთარია ამბობს, რომ პრემიერმა ბვოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავი და სწორი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკა მიუღებელია და ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს.
„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კარგად, აბსოლუტურად, ამომწურავად გამოხატა სწორედ პარტიის პოზიცია , როგორც თავმჯდომარემ, როგორც ლიდერმა და როგორც სწორედ უმრავლესობაზე მზრუნველმა ადამიანმა. პარლამენტის თავმჯდომარეს ვფიქრობ, რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები, რაც რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია.
ეს ჩვენ ნოტებიც და რიტორიკაც და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს , მისი რიტორიკა ვფიქრობ რომ მიუღებელია და ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს,“-განცხადა ნუკრი ქანთარიამ და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა დღის წესრიგში ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხიც დადგეს.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.