გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ, რომ ის “ქართული ოცნების” დატოვებას აპირებს, მმართველ გუნდში სხვა დეპუტატების განცხადებებიც მოჰყვა, რომლებიც ფოფხაძის გუნდიდან წასვლას გარკვეულ წილად პარლამენტის თავმჯდომარეს აბრალებს. პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის ერთი ნაწილის კრიტიკას, რომელიც გედევან ფოფხაძეს შეეხებოდა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის პასუხი მოჰყვა. მათ შორის ნუკრი ქანთარიაც არის, რომელიც ასევე უმრავლესობის ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. მას განცხადებები დაუწუნეს და გუნდში დაპირისპირების პროვოცირება დააბრალეს.
ხოლო თავად ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავში უნდა ეძებოს შეცდომები და პასუხისმგებლობა აიღოს.
“შეცდომებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული მაგრამ, სანამ სხვის შეცდომაზე გამახვილდება ყურადღება, ნებისმიერმა ადამიანმა ბუნებრივია ჯერ საკუთარ თავს უნდა მოკითხოს. თავის თავში დაინახოს თვალში დირე, სანამ სხვის თვალშიბეწვების ძებნას დაიწყებს. ადამიანი, პირველი პირი ვინც არის, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია უმრავლესობაში ვიდრე მას აქვს, ანუ პარლამენტის, როგორც პირველ პირს, ამიტომ პასუხისმგებლობა ალბათ ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა გუშინ გედევან ფოფხაძე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი განცხადებებით გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს.
მმართველი გუნდის ლიდერმა და სხვა წევრებმა ასევე შეცდომა უწოდეს, მათივე თანაგუნდელების შოთა შალელიშვილის და ნუკრი ქანთარიას განცხადებებს, რომლებიც მათ გედევან ფოფხაძის გუნდიდან წასვლის შესახებ გააკეთეს.