პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს საჯარო განცხადებების კეთების დროს. მისი განცხადებით, მათ შორის არის ნუკრი ქანთარიაც.
თუმცა, სპიკერი აცხადებს, რომ უმრავლესობა შეკრულია და შიგნით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
“ამაზე თავს ვდებ. არის 3–4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ქანთარიასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძის თემასაც შეეხო. ის თვლის, რომ მან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.
“იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძის მხრიდან. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.