საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ პარტიული რეფორმების მეორე ტალღას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში მიღწეულია მნიშვნელოვანი წინსვლები, რაშიც წვლილი იმ პოლიტიკას მიუძღვის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.
„ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვანია დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები. ეს იყო მთავარი მიღწევა 2012 წელს და ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ დემოკრატია, უკეთესად დავიცვათ ადამიანის უფლებები და კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მივანიჭოთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე, თქვენი დამსახურებით ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და გასული წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. ასევე, გვაქვს ფუნდამენტური მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ. ჩვენთან მნიშვნელოვნად გაიზარდა სტაბილურობის ხარისხი, გაუმჯობესდა ვითარება უსაფრთხოების კუთხით, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის იმ პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკის სფეროში ხორციელდება. ეს არის რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის ჩვენი სტაბილურობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, ქვეყანაში კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც ერთადგომით გადაიჭრება.
„არის უამრავი სირთულე, ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია, მათ შორის რუსთავში, მათ შორის ამ რეგიონში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია ხშირად მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც დარღვეულია და ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ამ მიზნების მიღწევა საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთად დგომას, ყოველდღიურ შრომას, მუხლჩაუხრელ შრომას და მე დარწმუნებელი ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის, შრომის და ბრძოლის პირობებში ეს მიზნები საბოლოოდ აუცილებლად იქნება მიღწეული“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ორწლიან პერიოდში დაგეგმილი პარტიული რეფორმების მეორე ტალღა, პარტია „ქართული ოცნების“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას მიეძღვნება.
„შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე იმისთვის, რომ დამატებით ვიზრუნოთ პარტიის განვითარებაზე, პარტიის გაძლიერებაზე და ამ პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მეორე ტალღა ჩვენი პარტიული რეფორმების, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში არის გააქტიურებული, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც მუდმივად მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პროცესების მართვაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.