პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
სიახლე სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას გულისხმობს და ე.წ- ქურდულ სამყაროსთან კავშირი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება.
“ზუსტდება შემადგენლობა, იხვეწება დეფინიცია და არის მიდგომები, რომ იყოს უფრო ეფექტური და გამართული სამართლებრივად, მეორე მოსმენით უკვე კომიტეტმა დაუჭირა მხარი და სესიაზე იქნება განსახილველად“- აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
ცვლილებები ზოგადად მისაღებია ოპოზიციისთვის, თუმცა აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში მას რეალური შედეგი არ მოჰყვება, რადგან მათი მტკიცებით, ხელისუფლებას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან ბრძოლა არ სურს.
„კანონში რაც არ უნდა რეალურად ყველა ვხედავთ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება რომ რეალურად დამარცხდეს ორგანიზებული დანაშაული“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
„ევროპული საქართველოში“ ამბობენ, რომ დაგვიანებულიც კი არის ამ კანონის გამკაცრება, თუმცა მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ეს კანონი ფურცელზე არ დარჩეს.
„ხელისუფლებისგან, რომელმაც წლების განმავლობაში ითანამშრომლა, მთელი ფლირტი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან გამოიყენა. ვნახეთ როგორ იყო ჩართული ქურდული სამყარო არჩევნებში. მნიშვნელოვანია და დაგვიანებულიც კი არის ეს რეაქცია, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ფურცელზე არ დარჩეს,“-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.