ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბახალას” ადვოკატი: შეფასებები ნაადრევია მანამ, სანამ საქმის მასალები არ გადმომეცემა

“შეფასებები ნაადრევია მანამ, სანამ საქმის მასალები არ გადმომეცემა და ვნახავთ რას გვედავებიან, შესაბამისად, მანამდე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მეც მხოლოდ ის ვიცი, რაც ბრიფინგზე გაჟღერდა”- განუცხადა “მეტრონომს” გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

საუბარია რამდენიმე წუთის წინ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. შსს-ს ცნობით ერთ-ერთი თანამზრახველი გიორგი გიორგანაშვილია, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და სხვა დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მას წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.

როგორც “მეტრონომს” გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ განუცხადა, დაცვის მხარე ნახავს, თუ არის მსგავსი მტკიცებულება, რომ მას ამ ჯგუფთან კავშირი დაუდგინდეს.

გიორგი გიორგანაშვილის საქმიდან ცალკე წარმოებად იყო გამოყოფილი ჯ.ხ.-ს საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა შს სამინისტრო.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....