ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, ტატუნაშვილის გარდაცვალება ადამიანური ტრაგედიაა. კოკოითი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის ამ პროვოკაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც იყოს გარეული. ხოლო ამ სიტუაცით საქართველომ საინფორმაციო ველზე უპირატესობა მიიღო და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო რუსეთს ემუქრება.
„რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ეს ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. თუ ის ასეთი დივერსანტი იყო, ყველა მტკიცებულების წარსდგენა იყო საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პროვოკაციაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროვოკაციაში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაცაა გარეული.
სხვაგვარად როგორ ავხსნათ ეს? ამ სიტუაცით საქართველომ საინფორმაციო ველზე უპირატესობა მიიღო და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო რუსეთს ემუქრება. ეს ოსეთის რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
მის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერი პეტრე გასიევი გამოეხმაურა და განაცხად, რომ კოკოითის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს:
„ყველაზე მდიდარი ფანტაზიაც რომ მოიშველიო, ვის, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა, აწყობს ასეთი განცხადება, რომელშიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დივერსიის მოწყობა ბრალდება? ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას ამან წყალი? საქართველოში ამ განცხადებაზე შოუ უკვე მოაწყვეს“, – განაცხადა გასიევმა.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი შაბათს დაკრძალეს. ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ცხინვალში და წამებით მოკლეს. ოკუპანტები 26 დღის განმავლობაში არ უგზავნიდნენ ცხედარს მოკლულის ოჯახს.