„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ წევრის ზვიად კუპრავას განცხადებით, მას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი სკანდალური ინფორმაცია აქვს, თუმცა გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე ჯერჯერობით ხმამაღლა ვერ ისაუბრებს. კუპრავა „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გახმაურება ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს.
ამის მიზეზად კი ის საქმეში იმ ადამინების მონაწილეობას გულისხმობს, რომლებსაც შესწევთ ძალა, თავად პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებიც კი დააშანტაჟონ.
მისი განცხადებით, პროკურატურა საქმეში ეჭვმიტანილ კიდევ ორ მოზარდს ხელს აფარებს, რომლებსაც გარდაცვლილებისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება ბრალდებათ.
ბავშვების ოჯახის წევრები პროკურატურას აშანტაჟებენ, რომ მათ შვილებს არავინ შეეხოს. კუპრავა ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული გამოძიებით, იმ პირების ვინაობაც დადგენილია, რომლებსაც უწყება ხელს აფარებს. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელობაში 4-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
„ხორავას ქუჩის საქმეში არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების გარკვეული პირების დაშანტაჟება ხდება. შესაბამისად პროკურატურა საქმეზე დაკავებული ორი მოზარდის გარდა წინ არ მიდის და არ ცდილობს, რომ გამოძიებით საქმეში არსებული სხვა პირების დადგენა მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია ამ ადამიანების ვინაობა, რომლებიც მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
პროკურატურას მათი ვინაობა და ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. ტყუილია ის განცხადება, რომ მე გამოძიებასთან არ ვითანამშრომლე. საქმეში ასევე ფიგურირებს წითელი ფერის ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც არასრულწლოვნები შემთხვევის ადგილს გაარიდეს.
ამ ადამიანის იდენტიფიცირებაც მომხდარია. ეს არის ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომელმაც დანაშაული დაფარა და პოლიციას არ შეატყობინა. თუმცა გამოძიება ამ პირით არც დაინტერესებულა. სწორედ ამიტომ გარდაიცვალნენ ბავშვები, რომ მათი სამედიცინო დახმარება სწრაფად არ მოხდა. ისინი ფაქტიურად სისხლად დაიცალნენ. ხელი საიდუმლოების გაუთქმელობაზე მოვაწერე და ბევრ რამეს ვერ ვიტყვი“,-აცხადებს ზვიად კუპრავა „მეტრონომთან“.
მისი თქმით, დავით სალარიძის მამა რასაც ამბობს, ეყრდნობა მის მიერ ჩატარებულ გამოძიებას. კუბრავას განცხადებით, მოზარდების ბაბუის ბორის კაკუბავას შესახებ გამოძიებამ ინფორმაცია მისი დახმარებით შეიტყო. ყოფილი სამართალდამცავი ამბობს, რომ პროკურატურა ცდიობდა მისი პირადი ტელეფონის ჩამორთმევას რაზეც მან უარი განუცხადა.
სწორედ ამის გამო დაემუქრნენ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებდნენ. კუპრავა ამბობს, რომ ხელისუფლებასაც და პროკურატურასაც ეშინია იმ ინფორმაციის გახმაურების რასაც ის ფლობს. შესაბამისად ყველანაირად ცდილობენ, რომ მას ცილი დასწამონ და დააშანტაჟონ.
ავტორი: ელზა პაპოშვილი