ეს მაღარო იყო ავარიული და იყო დაკეტილი – ეს განცხადება, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ გააკეთა. დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს წერილობით მიმართეს, რომ პროფკავშირის შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორი შეიყვანონ კვლევის კომისიაში.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 45 წლამდე მამაკაცი ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი. ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ შუქრუთის მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა და 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ქვეშ მოიყოლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.