ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე “კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი, მეგობრებმა გაყიდეს.
“ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს. მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის. კანონით თუ კანონის გარეშე მე მაინც ვაგებინებ პასუხს ყველას, ვინც შვილი მომიკლა,” – ამბობს სარალიძე.
მისი თქმით, არასრულწლოვანი მოწმეების მიერ მოსამართლისთვის დამალული ფაქტების გამო, მისი შვილის რეალური მკვლელები დაუსჯელები დარჩებიან.
სარალიძე აღნიშნავს, რომ მკვლელობაში მონაწილე ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია. არასრულწლოვანთა კოდექსის დაწესებული შეზღუდვების გამო, ვინაობას თავად ვერ ასახელებს, თუმცა, შეკითხვაზე პასუხად არ უარყოფს, რომ მისი ეჭვების ადრესატი დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული თენგიზ კალანდიას შვილია.
მოზარდების ჩვენებების შინაარსის რადიკალური ცვლილება საეჭვოა ერთ-ერთი ბრალდებულის დედისთვის.
ნინო ფერაძე არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვნებზე ზემოქმედების მიზანი რეალური მკვლელების დაფარვაა. ბრალდებულის დედა შიშობს, რომ არსებითი განხილვის ასეთი სცენარით გაგრძელების შემთხვევაში, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მთელ პასუხისმგებლობას მის შვილს და მეორე არასრულწლოვან ბრალდებულს დააკისრებენ.
ორივე ოჯახისთვის საეჭვოა ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანება. ორი არასრულწლოვნის მკვლელობიდან თითქმის 4 თვეა გასული, თუმცა, გამოძიებას ჯერ კიდევ არა აქვს ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი, რომელმაც ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.