კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია კახეთში რკინიგზის აღდგენა.
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს.
ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ასევე თუშეთის გზის მშნებელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზას სამჯერ შეამცირებს.
„რა თქმა უნდა, თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით.
თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა სამჯერ შევამციროთ. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.