“ქართული მარშის” წევრები ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
“ქართული მარშის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სულ 6 პირი დააკავეს, აქედან მიხეილ ამისულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელწერილით არის გათავისუფლებული, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას, ხოლო 3 პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. საუბარია ბექა რევაზიშვილზე, გიორგი ონიანსა და კიდევ ერთ პირზე, რომელიც “ქართული მარშის” ინფორმაციით, მათი წევრი არ არის, თუმცა აქციაზე იმყოფებოდა, როგორც ორგანიზაციის მხარდამჭერი.
საქალაქო სასამართლოში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს უნდა ჩაინიშნოს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. გარდა ამისა, შსს-ში გამოძიება ორ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.
„ქართული მარშის” წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”