ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიცე-მერი: სითი-პარკთან დიდი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს

„სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იმ ღონისძიებებზე მსჯელობა იყო, რომლებიც 10 აპრილიდან პარკირების მონიტორინგის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად აუცილებელია.

“შეხვედრის აზრი იყო ის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ გავატაროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს პარკირების მონიტორინგი სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. ჩვენ დიდი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს მათთან ერთად, რომ სათანადოდ მოხდეს პროცესის გადმობარება”, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას კომპანია „სითი პარკი“ განაგრძობს და აუცილებელია, მათ ჰქონდეთ საშუალება განახორციელონ პარკირების მენეჯმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ.

“მინდა ასევე გამოვეხმაურო მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩემთვის რთულად დასაჯერებელია ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას ისევ “სითი პარკი” განახორციელებს და აუცილებელია, ამ კომპანიას ჰქონდეს საშუალება განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. თუკი დაფიქსირდება აგრესია, თავდასხმა ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები”, – განაცხდა ხმალაძემ.

მისივე განცხადებით, ორივე მხარე საკუთარი პოზიციების დასაცავად მზად არის.

“ორივე მხარეს ჩვენი პოზიციები გვაქვს და ამის დაცვისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ხმალაძემ.

იტვირთბა....