ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, ასევე, დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, პუტინს მიაჩნია, რომ მას ყველაფრით მანიპულირება შეუძლია, რომ მსოფლიო ისეთი ადგილია, სადაც ყველას ყიდვა შეიძლება.

“ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ. უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ გაკვირვებია სკრიპალთან დაკავშირებით რაც მოხდა, რადგან რუსეთმა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ჩათვალა, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირება არ მოჰყვებოდა. მან საილუსტრაციოდ ლიტვინენკოს საქმე გაიხსენა.

„ვფიქრობ, გარკვეული მიზეზების გამო რუსები ფიქრობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიდგომები რუსეთთან მიმართებაში უფრო რბილი იქნებოდა, ვიდრე ამერიკის. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ იგივე ტრამპის ამერიკაში ჩაიდინონ, ვინაიდან ამას შეიძლება მკაცრი რეაქცია მოჰყვეს. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გასცა პასუხი ამ სიტუაციას ტერეზა მეიმ. მან გაითვალისწინა თავისი წინამორბედების შეცდომები. სტალინის დროიდან მოყოლებული ამგვარი ლიკვიდაციის ბრძანებებს მხოლოდ მთავარი ლიდერი იძლევა რუსეთში. სტალინი პირადად აწერდა ხელს სიკვდილით დასჯის ბრძანებებს, ხოლო პუტინი იმით ამაყობს, რომ სტალინისნაირი ლიდერია. ვერავინ გაბედავდა სკრიპალის მოშორებას პუტინის ბრძანების გარეშე. ასე მუშაობს ეს სისტემა რუსეთში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

იტვირთბა....