ახალი ამბები მთავარი სამართალი

საია: „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის დახურვა გამჭირვალობის პრინციპებს არღვევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის დახურვა გამჭირვალობის პრინციპებს არღვევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს პარლამენტმა თავი შეიკავოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახურულ ფორმატში წარმართვისგან.

“საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 13 მარტს განიხილავდა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს. საკანონმდებლო პაკეტის მიზანს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ადეკვატური სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

საკანონმდებლო პაკეტზე, მომხსენებლის – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მოხსენების შემდეგ, მიღებული იქნა საკომიტეტო მოსმენის დახურვის გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, სხდომის დახურვის მიზეზს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა, რასაც კავშირი ჰქონდა განსახილველ საკანონმდებლო პაკეტთან.

მიგვაჩნია, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური. ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმ მოტივაციისა და არგუმენტების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საკანონმდებლო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას. ისევე, როგორც ყველა დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა უშუალოდ გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე და ასეთი შესაძლებლობის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ცხადია, როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობისას, ასევე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული სენსიტიური ინფორმაციის დაცვის საჭიროება, თუმცა კანონშემოქმედებითი პროცესის ღიაობა უპირობოდ წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას, რომელიც არ შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისას ითვალისწინებს დახურული საკომიტეტო განხილვის ჩატარების შესაძლებლობას. ზემოთ დასახელებული შემთხვევა ცხადყოფს, რომ არსებული ნორმატიული შინაარსი იძლევა საკითხის გაუმართლებლად ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ცალსახად განისაზღვროს რომ დაუშვებელია კანონშემოქმედებითი საქმიანობისას საკომიტეტო და პლენარული სხდომების დახურულ ფორმატში წარმართვა. რაც შეეხება პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობას, ამ შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს გონივრული ბალანსი გამჭვირვალობასა და სენსიტიური ინფორმაციის დაცვას შორის. დამატებით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს პარლამენტმა თავი შეიკავოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახურულ ფორმატში წარმართვისგან”- აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....