ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სოლიდარობას უცხადებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დონალდ ტუსკი სოლიდარობას უცხადებს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და აცხადებს, რომ მზად არის საკითხი მომდევნო კვირაში ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში შეიტანოს.

„ბრექსიტისა და ხისტი მოლაპარაკების მიუხედავად, მინდა მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადო პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის იმ უხეში თავდასხმის ფონზე, რომელიც დიდი ალბათობით ორგანიზებულია მოსკოვის მიერ. მზად ვარ ეს საკითხი მომდევნო კვირას დაგეგმილ – ევროკავშირის სამიტის დღის წერიგში შევიტანო და მადლობას გიხდით ფინეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის. აქ ფინეთში, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრში, არ არის საჭირო დამატებითი განმარტებების გაკეთება იმაზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელებსა და ამერიკელებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. იმ დროს როდესაც ვიღაც გარედან ავრცელებს დეზინფორმაციას, ერევა ჩვენს არჩევნებში და ქიმიური ნივთიერებით თავს ესხმის ადამიანებს ჩვენს მიწაზე, ამაზე ტრანსატლანტიკური პასუხი უნდა იყოს ერთიანი,“-განაცხადა დონალდ ტუსკმა.

სკრიპალის მოწამვლის გამო, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. გაუქმებულია დაგეგმილი ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირთან. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და ხელისუფლება პროტესტს უცხადებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება.

იტვირთბა....