თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კომპანია „სითი-პარკის“ განცხადებას არ ეთანხმება. მისი თქმით, „სითი-პარკის“ მიერ გავრცელებული განცხადება უსაფუძვლოა, ბრალდებები კი არგუმენტმოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები კომპანია „სითი პარკის“ მფლობელების მიერ გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში, სამართლიანად და ობიექტურად მიიღო. აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს არის მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, კომპანიამ მითითების მიუხედავად ვერ შეძლო გასასამართლებელი არგუმენტების დასახელება.
„ბოლო პერიოდში, არაერთი მითითების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოედგინა გარკვეული მოსაზრება ან საგნობრივი არგუმენტი მათი პოზიციის გასამართლებლად. ასევე, პრაქტიკულად გამართლება ვერ მოვუძებნეთ კომპანიის ქმედებებს, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ უკიდურეს ზომას მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.“ – ამბობს თბილისის ვიცე-მერი.
მისივე განცხადებით, საკითხის სახემწიფოებრივ ჭრილში გადატანა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის გაუარესების ალბათობა საფუძველს მოკლებულია.
„რაც შეეხება საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და ზოგადად, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესების ალბათობას, რომელზეც კომპანიის მფლობელები თავიანთ განცხადებაში მიუთითებენ, აღნიშნული საკითხის საერთო სახელმწიფოებრივ ჭრილში გადატანა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული და კომპანიის არაკონსტრუქციულ, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აისახება.” – ნათქვამია განცხადებში.
ხმალაძის თქმით, თბილისის მერიამ კომპანიას შესთავაზა შეხვედრა. ის მზად არის ნებისმიერ ინსტანციაში გადაწყვეტილების სისწორე განმარტოს.
„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე, ნებისმიერ ინსტანციაში განვმარტოთ. ჩვენ კომპანიას ასევე შევთავაზეთ შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე გვემსჯელა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება“, – ნათქვამია ხმალაძის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცადა, რომ მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. დროებით მის ფუნქციებს სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.