საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შუასაუკუნეების ელფერი დაჰკრავს მიცვალებულის არგადმოცემას – ყველაფერი გაგვიგია – მიცვალებულის გამოსყიდვაც, მოპარვაც, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული არ გადასცეთ ჭირისუფალს, არ მსმენია
ქანთარია მიიჩნევს, რომ მიცვალებულის გადმოცემის საკითხის ასე გაჭიანურება არის კვლის დაფარვა.
დეპუტატმა რეზოლუციის საკითხთან დაკავშირებითაც განმარტებები გააკეთა.
“რეზოლუციაზე ვმუშაობთ. პროცესები ვისგანაცაა წაქეზებული გასაგებია. კარგი იქნება, რომ რეზოლუციის შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მაგრამ კარგად ვიცით, რომ იმ ძირითად პრობლემას, რაც ჩვენ გვჭირს, ეს რეზოლუცია ვერ გადაწყვეტს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ იქ ისეთი რამ არ უნდა ჩაიწეროს, რომელიც რეალობიდან შორს იქნება.
მაქსიმალურად ვართ ფხიზლად და ვცდილობთ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს და არ შევეგუოთ. ეს არის უმთავრესი, თორემ რეზოლუციით რუსეთის ფედერაციისადმი მიმართვა, რომ “შენ ამა და ამ დროს ეს გააკეთე”, ვიცით, რომ ასე არ იქნება და პირიქით, ამან შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს”, – განაცხადა ქანთარიამ.