სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვს.
როგორც კუპრავამ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მას ქართული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ციხიდან დაუკავშირდა. რომლის ინფორმაციითაც, არჩილ ტატუნაშვილი, ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა და მისმა ძმამ მოკლეს.
,,ის ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ტატუნაშვილის მკვლელ ხაჩიროვთან დაკავშირებით. მას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხაჩიროვის კონტაქტებთან და პირადად ხაჩიროვთან დაკავშირებით.
ის არის მზად ციხიდანვე დაეხმაროს საქართველოს უშიშროების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და დაეხმაროს რაც ყველაზე მთავარია ხაჩიროვის ევაკუაციაში მისი ქართული მართლმსაჯულებისთვის წარდგენის მიზნით,“- ამბობს კუპრავა.
ზვიად კუპრავა ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, სადაც მას აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უფრო დეტალურად გამოკითხავენ.