“1ტვ”-ის ინფორმაციით, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უფასოდ აღების მორიგი აქცია დაიწყო.
თეა წულუკიანის განცხადებით, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
გარდა ამისა, პირობის მოწმობას უფასოდ აიღებენ: რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე; მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი; ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. ეს პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.