თუ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის მერიაში ხელფასების ზრდის დოკუმენტსვ მოაწერს ხელს.
“მიდის იურიდიული კონსულტაციები რამდენად სწორად ჩატარდა სხდომა. დღის ბოლომდე არის დრო და მივიღებ გადაწყვეტილებას”, – განმარტავს ჩაჩანიძე.
ჩაჩანიძე “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციასაც ეხმიანება, რომელიც მისი გადადგომის მოთხოვნით 17:00 საათზე დაიწყება. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში ვითარების განმუხტვის მიზნით თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს.
“ისე მოვიქცევი, როგორც ჩემს ბორჯომს დასჭირდება, ოღონდ არა ისე, როგორც ეს ირაკლი კვირკველიას და სხვებს სურთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ჩაჩანიძემ.
საკრებულოს წევრები შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის იყო.
საკრებულოში სხდომა გუშინ დღისითაც გაიმართა, თუმცა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების გამო ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს.
შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

