“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” რამდენიმე საათის წინ, ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შენობაში ამჟამად არ მიმდინარეობდა არანაირი სარემონტო სამუშაოები, მინის ჩამოვარდნის მიზეზს კი სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენს.
„დღეს, დაახლოებით, დღის 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, რამდენიმე საათის წინ ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშის ფილა 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეცათ. ერთი ბავშვი მძიმეც იყო დაშავებული, ის რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. დანარჩენი 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

