ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველი: ტატუნაშვილის გადმოცემას კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებენ

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემას განზრახ აჭიანურებს, რადგანაც მკვლელობის კვალის გაქრობა სურს. მისი თქმით,  ტატუნაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე  გარდაცვლილი მიიყვანეს – ეს განცხადება სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ არ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზები. სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და გავრცელებული ცნობები, რომ შემდგომ გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“- ამბობს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

იტვირთბა....