ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები მოეწყობა

თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინის მოწყობაზე, კერძო კომპანიებს მიმართავს, რომ ორი თვის განმავლობაში შეიტანონ განაცხადი. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, – განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება. საპარკინგე ინფრასტრუქტურა კი, 180 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.

„ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....