ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა

2018 წლის იანვარში 2017 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25.7%-ით (45.4 მლნ დოლარით) გაიზარდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევებზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი 21.4%-ით (+11.3 მლნ დოლარი), აშშ-ში 8-ჯერ (+13.4 მლნ დოლარი), თურქეთში 76%-ით (+12.1 მლნ დოლარი), აზერბაიჯანში კი 116%-ით (+11 მლნ დოლარი) გაიზარდა.

საქართველოდან ექსპორტი შემცირდა 11%-ით (-3.6 მლნ დოლარი) რუსეთში, ხოლო 43.4%-ით (-7.8 მლნ დოლარი) ჩინეთში. თუმცა, ქვეყნების მიხედვით, რუსეთმა საქართველოს ექსპორტში პირველობა შეინარჩუნა.

იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში სულ 64.2 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია შევიდა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში (+11.2 მლნ დოლარი), ბულგარეთში (+3.5 მლნ დოლარი), ლიტვაში (+3.2 მლნ დოლარი) და ჩეხეთში (+2.5 მლნ დოლარი).

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 816.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2 პროცენტით მეტია.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, საქართველო რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

იტვირთბა....