თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თითოეულ ბაღს მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, რეკომენდაციები ითვალისწინებს აცრების შესახებ აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ანუ ჯანმრთელობის ცნობა “ფორმა 100″-ში წითელას აცრის დაფიქსირებას.
“თუ აღსაზრდელი არ არის აცრილი, უნდა გაუწიონ მშობელს კონსულტაცია შესაბამისი აცრის ჩატარების საჭიროების თაობაზე. ასევე რეკომენდაცია ეძლევა ბაღებს, თუ ბავშვი აცდენს ბაღს, დაადგინონ გაცდენის რეალური მიზეზი და წითელას გამოვლენის შემთხვევაში, შეტყობინება გაუგზავნონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს”, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე კიდევე ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აუცილებლად ჩაიტარონ წითელას ვაქცინაცია.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ორსულმა ქალებმა.
„წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებსა და განსაკუთრებით ქალებში. ქალებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება – ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა ცენტრი მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს. 7 თებერვლის მდგომარეობით კი წითელას ვირუსის 130 შემთხვევა ფიქსირდებოდა.