ბრალდებულ გურამ დონაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სატელეფონო ამონაწერების მიხედვით დასტურდება ბაქრაძის ადგილზე ექვს წუთში მისვლა, ასვე რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე გამოეხმაურა.
„დღეს გურამ დონაძემ გააკეთა განცხადება, რომ მე ვარ მატყუარა და ცრუ მოწმე, რომ შემთხვევის ადგილზე მისული ვარ 5 წუთში. მან ასევე წარმოადგინა მაგთიკომის ანძების დეტალური ამონაწერი, სადაც საზოგადოებას აჩვენა რომ 02:22 წუთზე მოხდა საბედისწერო გასროლა, სადაც დაიჭრა ბუტა რობაქიძე და ასევე წარმოადგინა ჩემი სატელეფონო ანძის დასტური, რომ 02:28 საათზე მე ვიმყოფები შემთხვევის ადგილზე. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ გურამს – რაც ბევრს ილაპარაკებს ამ თემასთან დაკავშირებით, მით მეტ შეცდომას დაუშვებს”, – აცხადებს ზაზა ბაქრაძე.
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საზოგადოება გადაწყვეტს ვინ არის მართალი და ვინ არა.
„რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიას დონაძემ მისცა ინტერვიუ, სადაც ასევე წარმოადგინა დოკუმენტები, რომ 02:17 საათზე, მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში შევიდა შეტყობინება, რომ წერეთლის გამზირზე დაჭრილია ახალგაზრდა და ითხოვდნენ დახმარებას. თუ 02:22 საათზე მოხდა გასროლა, იქნებ აუხსნას საზოგადოებას 02:17 საათზე, მისივე მიცემული ინტერვიუთი, როგორ შედის სასწრაფო დახმარებაში შეტყობინება ახალგაზრდის დაჭრაზე?!. p.s საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის მატყუარა და ცრუ – მე თუ გურამ დონაძე”, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება არის სრული სიმართლე, ასევე მან აღნიშნა რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა, იგი გარკვეული დროის შემდეგ, მაშინდელმა საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველოს უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მოიტანა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.