ახალი ამბები მთავარი სამართალი

დონაძე: “ზაზა ბაქრაძე არის მატყუარა, ცრუ მოწმე და პროკურატურამ ის დააშანტაჟა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა ბაქრაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

დონაძემ ჟურნალისტებს სატელეფონო ანძის ამონაწერები წარუდგინა, მისი თქმით ამონაწერების მიხედვით დასტურდება რომ ბაქრაძე ადგილზე დაახლოებით ექვს წუთში მივიდა. ასევე დონაძემ აღნიშნა, რომ გუშინ ბაქრაძემ რობაქიძის ოჯახი კიდევ ერთხელ მოატყუა.

„ვითომ ის მივიდა 50 წუთში, ვითომ საათნახევარი იყო და მერე დაიდგა კადრები, არის აბსურდის თეატრის ნაწილი და ვწუხვარ, რომ გუშინ რობაქიძე ამირანის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ მოატყუა ზაზა ბაქრაძემ და ვწუხვარ, რომ ია მეტრეველი იძულებული გახდა, ამ ტყუილის სანაცვლოდ, მისთვის მიეტევებინა ე.წ. ჩადენილი დანაშაული. ზაზა ბაქრაძე არის მატყუარა, ცრუ მოწმე და პროკურატურამ ის დააშანტაჟა და რა ფორმით და როგორ, ეს არის კვლევის საგანი,“ – განაცხადა გურამ დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება არის სრული სიმართლე, ასევე მან აღნიშნა რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა, იგი გარკვეული დროის შემდეგ, მაშინდელმა საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველოს უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მოიტანა.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი  გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.

იტვირთბა....