დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ წითელა გვიტევს – არაფერი დასამალი არ არის – წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ გვაწვდის.
„დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში – 65-70% კონცენტრირებულია სწორედ აჭარაში, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი ასევე მომავალი თაობა.
„წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალებში.
ქალებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება – ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთ კვირაში აჭარაში წითელას ვირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს. 7 თებერვლის მდგომარეობით კი წითელას ვირუსის 130 შემთხვევა ფიქსირდებოდა.