ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამთა მურადაშვილმა კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, ტრიბუნასთან არა პარლამენტის თავმჯდომრე, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს ხედავდა.

“მე სხდომა იმიტომ დავტოვე, რომ აშკარად აზრი აღარ ჰქონდა იქ ყოფნას. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მოექცა პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია “კავკასიის” წარმომადგენელს ნინო ჯანგირაშვილს, ნათელია, რომ ის აშკარად მოტივირებული იყო და აგრესიულად განწყობილი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ძალიან აქტიურ კომუნიკაციაშია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვუთხარით, რომ გადავუგზავნიდით მონაცემებს და გადავუგზავნეთ. როგორც ჩანს, ის დარწმუნდა ჩვენი პოზიციის სისწორეში და ამან გამოიწვია, ალბათ, უფრო მეტი აგრესია და აბსოლუტურად სხვა არგუმენტებით საუბარი. ის საუბრობს სავარაუდოდ ლარში ბაზრის თითქოს მატებაზე, როდესაც რეკლამა არის პროდუქტი, რომელიც იყიდება დოლარში და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი მოქმედებს სარეკლამო ბაზარზე. არ ვიცი, საიდან მოაქვს მას ეს ციფრები, თუ ეს მარეგულირებელი კომისიიდან არის, მაშინ მობრძანებულიყო კომისიის თავმჯდომარეც”,- განაცხადა მურადაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი განწყობა იყო აგრესიული და ის სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციასთან დაკავშირებულ არგუმენტაციას არ იღებდა.

მანამდე შეხვედრა ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმაც იგივე მიზეზით დატოვა.

იტვირთბა....