ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია დაკავებული

შსს-ს ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის – 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.

შედეგად, ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით ლაცაბიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, 8 პირია დაკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად,  მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა. სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი! სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო” – აცხადებენ სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5 ფაქტი გაიხსნა. გარდა ამისა, იმერეთში გახსნილია ჯგუფური ყაჩაღობის 1 ფაქტი და ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი. კერძოდ, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია ქურდობის ფაქტები და ქურდობის 8 ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, კერძოდ: იმერეთში – 2, აჭარაში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 5. იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარავას ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.

იტვირთბა....