ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარიზში საქართველოს 8 მოქალაქე საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს.

მათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით ლაცაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს.

დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დგინდება, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.

აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. „ქურდული საერთო“ ივსებოდა.

გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....