ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი მცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეობის.  კვირიკაშვილი ამბობს, რომ  შემოდის ინიციატივით, რომელიც  მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას გულისხმობს.

“პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას, მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები – „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები – „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მე მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება წარმოადგინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი.

ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმა უნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შექმნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....