საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველ მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსესთან შეხვედრა გაიმართა.
ევროპის საბჭოს დელეგაციის მიზანს წარმოადგენს მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შესახებ, აგრეთვე ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას სოხუმსა და ახალგორში.
მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ბოლო რაუნდების განმავლობაში შექმნილი დინამიკა და განხილული საკითხები.
შეხვედრის დასრულებისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.